ჩრდილების თეატრი

                                               ჩრდილების                   თეატრი

რუსთაველის თეატრში, ეზოს მხრიდან, თაბუკაშვილის ქუჩი­დან თუ შეხვალთ და კიბეებს აუყ­ვებით, დერეფანში აღმოჩნდე­ბით. აქ რამდენიმე კარია. ერთი მთელი დღის განმავლობაში ღი­აა. შესვლისთანავე რაც თვალში მოგხვდებათ, დიდი, თეთრი ეკ­რანია. ეს, ქართული ჩრდილების თეატრის სარეპეტიციო ადგი­ლია.

ჩრდილების თეატრი ვიზუალური ხელოვნების უძველესი ფორმაა. ის თანამედროვე სახით 1500 წელზე მეტი ხნის წინ წარმოიშვა. თუმცა ჯერ კიდევ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში, ცეცხლის გარშემო შემომ­სხდარი ადამიანები, კედლებზე საკუთარი სხეულით თუ სხვადასხვაგ­ვარი ფიგურებით ჩრდილებს გამოსახავდნენ. ეს იყო ერთგვარი ადრე­ული ფორმა „წარმოდგენის”, რომელმაც ფესვები აზიაში, კერძოდ – ინდოეთსა და ჩინეთში გაიდგა. დღეს ამ ქვეყნებში სპექტაკლის სიუჟე­ტები, ძირითადად, ტრადიციულ კულტურასთანაა შერწყმული და ად­გილობრივ ფოლკლორს, ზღაპრებსა და ლეგენდებს ეყრდნობა. დრო­თა განმავლობაში თეატრის ეს სახეობა სხვადასხვა სახით თურქეთში, საბერძნეთსა და დასავლეთ ევროპაში გავრცელდა და ბოლოს უკვე მთელი მსოფლიო მოიცვა.

ძირითადად გავრცელებულია მარიონეტების ჩრდილების თეატრი, რომელშიც მუყაოსგან, ხისგან, პლასტმასისგან და ბუმბულისგან დამ­ზადებული ბრტყელი ფიგურები გამოიყენება. სპექტაკლისთვის სულ სამი დეტალია საჭირო: თეთრი ეკრანი, ძლიერი განათება ჩრდილის მკვეთრად გამოსავლენად და ჯოხზე დამაგრებული ფიგურები, რომ­ლებსაც მსახიობები მართავენ. ქართულ ჩრდილების თეატრშიც ტრა­დიციული ეკრანი და განათება გამოიყენება, მაგრამ ფიგურებს მსახიო­ბები ანაცვლებენ – მთავარ როლში, არც მეტი, არც ნაკლები, მათი ხე­ლებია.

განათება ჩართულია. თეთრი ეკრანის მიღმა, საფეხურებზე ერთმა­ნეთს 11 მსახიობი ენაცვლება. მაყურებელთა თვალწინ, ხელების მოძ­რაობით ადამიანები, ცხოველები, მცენარეები, მწერები და ათასგვარი ფიგურები ცოცხლდებიან. ეს „ბუდგრუგანა-გაგრაა” – ქართული ხე­ლის ჩრდილების თეატრი. ბუდრუგანა ტაატითა და ჭრიალით მოსია­რულე ეტლს ნიშნავს. 1982 წელს ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და დრამატურგის გელა კანდელაკის მიერ შექმნილი თეატრის თავდა­პირველი იდეა ხომ სწორედ ამ ტრანსპორტით საქართველოს ყველა­ზე ძნელად მისაღწევ სოფლებში მოგზაურობასა და იქ მცხოვრები ბავ­შვებისთვის თოჯინების სპექტაკლის ჩვენებაში მდგომარეობდა. მთა­ვარი მიზანი რეგიონებში კულტურული ვაკუუმის შევსება იყო. თუმ­ცა, ფინანსური პრობლემების გამო, საჭირო რეკვიზიტის შეძენა ვერ მოხერხდა და ამიტომაც ალტერნატიული გზების მოძიება გახდა საჭი­რო. ბევრი ფიქრის შემდეგ რეჟისორმა და მსახიობებმა ჩრდილებით ექსპერიმენტებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ ჩრდილს არანაკლები გა­მომსახველობითი უნარი აქვს, ვიდრე თოჯინას ან მარიონეტს.

„თეატრის მსახიობები თითქოს თავისუფალი არიან დრამატული თე­ატრის მსახიობის სხეულისგან, მატერიისგან. ისინი ხომ მხოლოდ ჩრდილების სახით ჩნდებიან მაყურებლის წინაშე. ამავე დროს, ტრა­დიციული ჩრდილების თეატრის გმირებისგან განსხვავებით, მათ სუ­ლი აქვთ, რადგან ადამიანის ხელის ჩრდილები არიან და არა მუყაოს­გან გამოჭრილი ფიგურები. ჩვენს წარმოდგენებზე გაწეული შრომა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივ დრამატულ სპექტაკლზე მუშაო­ბისგან. ამავე დროს, ჩემი აზრით, ამ თეატრში მუშაობა უფრო რთუ­ლია, რადგან საკუთარი ემოციების გადმოსაცემად მინიმალური საშუა­ლებები გაქვს. ვერ იყენებ ემოციის გამოხატვის მთავარ იარაღს – თვა­ლებს, მიმიკას. მთლიანად კონცენტრირებული ხარ იმ როლზე, რო­მელსაც ასრულებ. ეკრანი მცირე ზომისაა. თითოეული მილიმეტრი გათვლილია. თუ სპექტაკლზე სამსახიობო დასს ერთი წევრი მაინც აკ­ლია, წარმოდგენა ვერ იმართება. ჩვენ არ გვყავს დუბლიორები. როდე­საც მსახიობი დასს ტოვებს, ახალმოსულს „გასახსნელად” წელიწადიც შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მის შესაძლებლობებ­ზეა დამოკიდებული. სპექტაკლის დადგმასაც დიდი დრო სჭირდება. აქ რომ მოდიხარ, ხელში სხვა შეგრძნებები გიჩნდება”, – ჰყვება თეატ­რის მსახიობი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჭიტაძე.

ჩრდილების თეატრმა შექმნის დღიდან სამი დასი გამოიცვალა. პირ­ველ თაობას არაპროფესიონალი მსახიობები წარმოადგენდნენ, რომ­ლებიც დღისით საკუთარი საქმიანობით იყვნენ დაკავებული, საღამო­ებს კი თეატრში მუშაობას უთმობდნენ. დებიუტი 1991 წელს საფრან­გეთში შედგა, ფესტივალზე Les Semaines De La Marionette A Paris, სპექ­ტაკლით „დათვის ბელის, ლაზარეს, თავგადასავალი”, რომელსაც ახ­ლაც დგამენ და „წელიწადის ოთხი დრო” ჰქვია. წარმატებული დებიუ­ტის შემდეგ ბევრი მიწვევა მიიღეს. 1993 წელს შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ საერთაშორისო ფესტივალზე Pippetry, 1995-ში კი გერმა­ნიის ქალაქ შვაბიშ-გმუნდში გამართულ ჩრდილების თეატრის საერ­თაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ. პირველი დასი მსახიობე­ბის მოუცლელობის გამო მალევე დაიშალა. ბოლო წარმოდგენა 1998 წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალზე გაიმართა. მანამდე კი გელა კანდელაკმა აფხაზეთიდან დევნილი ახალ­გაზრდებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი მოიარა და სამ­სახიობო ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები შეარჩია. ჩრდილების თე­ატრის ახალი დასი მაყურებლის წინაშე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2002 წელს წარდგა. ამავე პერიოდიდან თეატრის სახელწოდე­ბას „გაგრა” დაემატა.

„თეატრმა შემოთავაზებები Warner Brothers-ისგანაც მიიღო. წარმოდგენა სტადიონზე უნდა გამართულიყო, მრავალრიცხოვა­ნი მაყურებლის წინაშე. ბატონმა გელამ უარი განაცხადა, რადგან ჩვენი სანახაობა არ არის დიდ მას­შტაბზე გათვლილი. ახლა სპექტაკ­ლებს ორ კვირაში ერთხელ ვატა­რებთ, შაბათობით, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. დარბა­ზი მხოლოდ 300 სტუმარს იტევს. აქ წარმოდგენებს მას შემდეგ ვმართავთ, რაც 2010 წელს სახელ­მწიფო თეატრის სტატუსი მოგვენიჭა. ახლა ჩვენ მიმართ ინტერესი უფრო გაიზარდა. ადამიანებმა იციან რა არის „ბუდრუგანა-გაგრა”. მა­ნამდე თოჯინების თეატრის სხვენზე ვმუშაობდით, სადაც წვიმის დროს გაჩერება შეუძლებელი იყო. თუმცა ის, რომ ჩვენ ვარსებობთ, სწორედ თოჯინების თეატრის დირექციის დამსახურებაა. 14 წლის განმავლობაში იქ ვატარებდით რეპეტიციებს სრულიად უსასყიდ­ლოდ”.

ამჟამად „ბუდრუგანა-გაგრას” რეპერტუარში ორი წარმოდგენა აქვს. ესენია „წელიწადის ოთხი დრო” და „რა საოცარი დღეა”. პირველ სპექ­ტაკლში დათვის ბელის ამბავია მოთხრობილი, რომელიც გაზაფხული­დან ზამთრამდე სხვადასხვა თავგადასავალში ებმება. მთავარ გმირში პატარები საკუთარ თავს დაინახავენ, უფროსები კი წარმოდგენის ნახ­ვისას ბავშვობას გაიხსენებენ. სპექტაკლს „რა საოცარი დღეა” ლუი არ­მსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის ცნობილი სიმღერა – Isn’t This A Lovely Day დაედო საფუძვლად. ნამუშევარი ხსენებული მუსიკოსების სიყვარულის ისტორიას ეხება. თუმცა, ისინი პირობითი პერსონაჟები არიან. წარმოდგენა ადამიანის დაბადებას, ბავშვობას, სიყვარულს, გან­შორებას, სიკვდილს და სულის უკვდავებას ასახავს. გელა კანდელაკის თქმით, ეს სპექტაკლი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ტკივილი გა­ნუცდია.

„როდესაც სამიზნე აუდიტორიის შესახებ გვეკითხებიან, ხუმრობით ვპასუხობთ – 4-დან 104 წლამდე. ჩვენი სპექტაკლები მოსაწონია რო­გორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. არცერთი წარმოდგენა არ არის სტატიკური. ყველაფერი მუდმივად ცვლილების პროცესშია. როდესაც დასში ახალი მსახიობი მოდის, საკუთარი ინდივიდუალიზ­მი შემოაქვს. რა თქმა უნდა, შინაარსი იგივე რჩება, იცვლება დეტალე­ბი. სცენარის ავტორი და რეჟისორი გელა კანდელაკია, თუმცა მუშაო­ბის პროცესში მსახიობებიც ვერთვებით და საბოლოო პროდუქტს ერ­თობლივად ვქმნით. თეატრის სპეციფიკა მხოლოდ სპექტაკლები არაა. ძალიან ხშირად ვებმებით მულტიმედიურ წარმოდგენებში და ამ პრო­ფილის რამდენიმე ფესტივალშიც მივიღეთ მონაწილეობა”.

გელა კანდელაკი და ჩრდილების თეატრის მსახიობები მხატვრულ, ანიმაციურ და დოკუმენტურ ფილმებზეც მუშაობენ. კინოსტუდია აფ­ხაზეთთან და საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მოძრაობა კვალი XXI-სთან თანამშრომლობით შექმნილი აქვთ სურათები „გრავიტა­ცია”, „ხუთი ვარიაცია”, „ახალი წელი” და სხვა. ერთ-ერთმა ფილმმა „ხმელეთის 0.047%” საფრანგეთში, სორეზის კინოფესტივალზე გრან­პრიც კი მიიღო. საპრემიერო ჩვენებები გერმანიასა და ლიტვაშიც შედ­გა. სურათის ავტორთა მთავარი მიზანი ქართული კულტურის შეცნო­ბა და მისი, როგორც ევროპული კულტურის ორგანული ნაწილის, წარმოჩენაა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანიმაციურ ფილმებზე „ვან გოგის უკანასკნელი წერილი” და „ვეფხი და მოყმე”.

„მომავალი სეზონისთვის ვგეგმავთ სპექტაკლის პრემიერას სულხან-საბა ორბელიანის იგავების, სიტყვათა განმარტებების და ქადაგებების მიხედვით. 2012 წელს მონაწილეობას ვაპირებთ გერმანიაში, ქალაქ შვაბიშ-გმუნდში ჩრდილების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება. უცხოეთში ჩვენს წარ­მოდგენებს მუდამ აღფრთოვანებით ხვდებიან და მსოფლიო საგანძუ­რადაც მოიხსენიებენ. თეატრის უნიკალურობა ისაა, რომ მხოლოდ ხე­ლის ჩრდილებით გათამაშებული წარმოდგენა – თავისი ღირებულე­ბით და მასშტაბით, დრამატულ სპექტაკლს უდრის. სამწუხაროა, რომ ჩვენი თავდაპირველი სურვილი, მოგვევლო რეგიონები, ბავშვების­თვის წარმოდგენები ჩაგვეტარებინა და სიხარული მიგვენიჭებინა, ბო­ლომდე ვერ სრულდება. ეს ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს. თუმ­ცა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მაინც ვახარებთ. როდესაც მათ ბედნიერ სახეებს ვხედავთ, მოტივაცია და ენერგია გვემატება”.

No comments:

Post a Comment